აშშ-რუსეთი

რუსეთში "აშშ-სგან დასაცავად", ბირთვული იარაღით, ოპერაციების ახალ ტიპზე მუშაობენ

ბირთვული შესაძლებლობის მქონე მოძრავი სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალი Военная мысль-ი (სამხედრო აზრი) წერს, რუსეთში მუშაობენ ახალი სახის ოპერაციებზე, ბირთვული იარაღის გამოყენებით, რათა "აშშ-ს მხრიდან შესაძლო აგრესიისგან" თავდაცვა შეძლონ.

როგორც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მეთაურის მოადგილე, იგორ ფაზლეტდინოვი და პენსიაზე გასული პოლკოვნიკი ვლადიმირ ლუმპოვი პუბლიკაციაში წერენ, ვაშინგტონი მსოფლიოში ლიდერის პოზიციას კარგავს და ამაში მოსკოვს ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკური კურსი უფრო აგრესიული ხდება და რუსეთის განადგურებას "სტრატეგიული მრავალსფერული ოპერაციის" სახით გეგმავენ. 

ავტორების მტკიცებით, ამ სტრატეგიის ფარგლებში პენტაგონი განიხილავს ჩვეულებრივი მყისიერი გლობალური დარტყმით რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების 65-70%-ის განადგურებას, ხოლო მოსკოვის დანარჩენი ბირთვული შესაძლებლობების გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით მოგერიებას, ბოლოს კი მინიმალური საჭიროების ბირთვული დარტყმით ქვეყნის განადგურებას.

სტატიაში რუსი სამხედროები წერენ, რომ პენტაგონის "გეგმის" საწინააღმდეგოდ სამხედრო სპეციალისტები მუშაობენ "შეიარაღებული ძალების სტრატეგიულად გამოყენებაზე" – "სტრატეგიული შემაკავებელი ძალების ოპერაციაზე".

რუსი სამხედროები სტატიაში აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და ამერიკის მსგავსი დასამარცხებლად, მსგავსი ოპერაცია "ითვალისწინებს თანამედროვე სტრატეგიული საიერშო და თავდასაცავი, ბირთვული და არაბირთვული შეიარაღების გამოყენებას, უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით".

რუსეთის სტრატეგიული შემაკავებელი ძალების მიზნებში დასახელებულია აშშ-სა და NATO-ს ჩვეულებრივი მყისიერი გლობალური დარტყმის მოგერიება, რათა დიდი დანაკარგები არ ჰქონდეთ. ამას გარდა, ამავე მოქმედებების ფარგლებში, მათი აზრით, უნდა განადგურდეს ამერიკის გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რათა მათ რუსული რაკეტების უვნებელყოფა ვერ შეძლონ. მათი გეგმის ბოლო ნაწილი მოიცავს, დარჩენილი ბირთვული შესაძლებლობით, მოწინააღმდეგის მიუღებელი ზარალის (საპასუხო ბირთვული დარტყმის შედეგად, მოსალოდნელი ზარალის ისეთი სიდიდე, რომელიც საწინააღმდეგო მოქმედებას შეუძლებელს ხდის) მიყენებას.

გაურკვეველია, თუ რითი განსხვავდება სამხედროების მიერ აღწერილი "ახალი ოპერაცია" რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ბირთვული დოქტრინისგან.

კომენტარები