რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ შემოთავაზებულ გეგმას" – პესკოვი

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ყურადსაღებია, რადგან მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგებს

"დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ შემოთავაზებულ გეგმას. ცხადია, დეტალები კარგად უნდა იქნას გაანალიზებული, რათა ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ეს ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესია". - თქვა პესკოვმა ინტერვიუში. 

კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის რუსეთი არ აპირებს თავისი სპეციალური ოპერაციის შეჩერებას, რადგან ჯერჯერობით მშვიდობის მომასწავებელ ნიშნებს ვერ ხედავს. 

პესკოვმა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდებასთან გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 


რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, იზრდება საფრთხე, რომ ჩინეთი გეგმავს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დაეხმაროს.

"ბოლო თვეებში უკვე ვნახეთ ჩინეთის არალეტალური დახმარება, რომელიც პირდაპირ უწყობდა ხელს რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებას. და კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რასაც ახლა ვისმენთ და დამატებით დეტალებს, რაც, ჩემი აზრით, მალე ცნობილი იქნება, ცხადი ხდება, რომ ისინი განიხილავენ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას". - თქვა ბლინკენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიაწვდის ჩინეთი რუსეთს, ბლინკენმა აღნიშნა, "იარაღს, იარაღს, პირველ რიგში".

კომენტარები