რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირმა სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო – ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

დაძაბული დებატის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. 

"სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია. სანქციები გავრცელდება 121 ფიზიკურ პირსა და გაერთიანებაზე. შეზღუდვები დაწესდება იმპორტსა და ექსპორტზე და აიკრძალება რუსული პროპაგანდისტული საშუალებები. ჩვენი შემართება უცვლელია, ერთად უნდა გავკვეთოთ რუსეთის ომის მანქანა". - წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე. 

ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სანქციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც 6 000-მდე უკრაინელი ბავშვის იძულებით გაშვილებაზე არიან პასუხისმგებელი. მისივე თქმით, ეს საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევას ნიშნავს.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის სანქცირებას იქამდე, სადამდეც ამის საჭიროება დღის წესრიგში იქნება, რათა უკრაინა გათავისუფლდეს რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომისგან. 


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე.

რუსეთთან რეზინით ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მესამე დღეა ჩერდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთმა უარყო იტალიის მოთხოვნა რეზინის იმპორტზე ახალი შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.

Reuters-ის ცნობით, პოლონეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შემოთავაზებული შეზღუდვები რუსული რეზინის იმპორტზე ევროკავშირში ითვალისწინებს იმპორტის დიდ კვოტას და ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს, რომ მათ პრაქტიკულად არანაირი ეფექტი არ ექნებათ.

მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს შეზღუდვებს 60-ზე მეტ რუს ჩინოვნიკსა და პოლიტიკოსზე, რომელთაგან ზოგიერთს, სავარაუდოდ, უკრაინელი ბავშვები რუსეთში იძულებით გადაჰყავდა.

კომენტარები