რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: დასავლეთ ევროპამ უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად და გულუხვად უნდა მიაწოდოს

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში უფრო სწრაფები და გულუხვები უნდა იყვნენ. ამის შესახებ მორავიეცკიმ კოპენჰაგენში, დანიის პრემიერთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ვისურვებდი, რომ ისინი [დასავლური ქვეყნები] სწორედ დანიისა და პოლონეთის მსგავსნი იყვნენ. უფრო სწრაფები და უფრო გულუხვები იარაღის მიწოდების საკითხში. მოდით გულახდილები ვიყოთ – რომ არა აშშ, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინა, სავარაუდოდ, პირველ რამდენიმე კვირას ან პირველ რამდენიმე თვეს მაინც ვერ გაუძლებდა. ეს [იარაღის მიწოდება] NATO-ს ალიანსს მხოლოდ აძლიერებს, ისინი ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, ახლა აღარ უნდა იყვნენ სკეპტიკურები". - თქვა მორავიეცკიმ.

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა კი აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება უნდა დააჩქაროს, რადგან ბევრი დრო არ აქვთ.

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბევრი დრო არ გვაქვს. უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სამხედრო დახმარება. უფრო მეტი შემოწირულობა გვჭირდება და უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რათა მოვახერხოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო შესაძლებლობები". - თქვა ფრედერიქსენმა.

კომენტარები