აეროპორტების გაერთიანება

საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვაქვს – ქარქაშაძე

მაროკოს ქალაქში ტანჟერში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორს შეხვდა. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა და პოტენციური სამომავლო პარტნიორობა. 

"იცით, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით, რომელიც ნაპოლის რიგებში წარმატებით მოღვაწეობს, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან და დღეს ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა. საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თანამშრომლობა შედგეს" - თქვა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამასთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქართული დელეგაცია ფორუმის პირველ დღეს ავიაკომპანიებს: SAUDI AIRLINES, Eurowings, AIR Serbia, EASYJET და ონლაინ სამოგზაურო სააგენტოს SKYSCANNER შეხვდა.

კომენტარები