რუსეთი-საქართველო

მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ რუსეთთან კომპრომისით ომის არიდება შესაძლებელია – CRRC

ვლადიმირ პუტინი

არასამთავრობო ორგანიზაცია CRRC-მა გამოკითხვისას რესპოდენტებს ჰკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთთან კომპრომისებით თავიდან აეცილებინა ომი და, ამასთანავე, საქართველოსთვის რის ფასად შეიძლება შეინარჩუნოს მშვიდობა. 

ქართველების მესამედზე მეტი ფიქრობს, რომ კომპრომისებით, ზოგადად, შესაძლებელია ომის თავიდან აცილება, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

მაშინ როცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისები არ დაეხმარება უკრაინას ომი თავიდან აეცილებინა, მხოლოდ 22% მიიჩნევს ანალოგიურად საქართველოს შესახებ. რესპონდენტთა დანარჩენი ნაწილი (დაახლოებით მეოთხედი) კი ფიქრობს, რომ ასეთი ომის საფრთხე ქვეყნისთვის საერთოდ არ არსებობს.

შეეძლო უკრაინას ან შეუძლია საქართველოს რუსეთთან ომის კომპრომისებით თავის არიდება?
ცისფერი - დიახ, ვარდისფერი - არა, ყვითელი (მხოლოდ საქართველოსთვის) - მსგავსი საფრთხე არ აქვს, ნაცრისფერი - არ ვიცი, შავი - პასუხისგან თავს იკავებს

ქართული ოცნების მხარდამჭერებს უფრო მეტად სჯერათ, რომ კომპრომისით, როგორც საქართველოს (43%, ოპოზიცია - 31%), ისე უკრაინას (46%, ოპოზიცია - 28%) რუსეთთან ომის თავიდან არიდება შეუძლია, მაშინ როცა ოპოზიციის მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებიც არც ერთ პარტიას ეკუთვნიან, ქალაქში მაცხოვრებლები და საშუალოზე მეტად განათლებული პირები უფრო ხშირად ამბობენ, რომ ვერანაირი კომპრომისი ვერ დაეხმარება საქართველოს რუსეთთან პოტენციური კონფლიქტის თავიდან აცილებაში.

ამავე დროს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების დაახლოებით იგივე წილი თვლის, რომ საქართველოში ომი არ არის მოსალოდნელი.

უნდა დათმოს თუ არა საქართველომ/უკრაინამ დასავლური ორიენტაცია ომის თავიდან ასარიდებლად?
ცისფერი - დიახ, წითელი - არა, ნაცრისფერი - არ ვიცი. 
პირველი გრაფა ქართული ოცნების მხარდამჭერები, მეორე - ოპოზიცია, მესამე - არ მიეკუთვნება არც ერთ პარტიას 

ქართველების ერთ მესამედზე ოდნავ მეტს მიაჩნია, რომ რუსეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება კომპრომისით შეიძლება. კიდევ უფრო ნაკლები ქართველი მზად არის, დათმოს ქვეყნის მთავარი ინტერესები, როგორიცაა დასავლური ორიენტაცია, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა.

კომენტარები