ამერიკელი სენატორები საქართველოზე

შაჰინი “აგენტების” კანონპროექტზე: დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრისას ეს კანონიც იგულისხმება

ჯინ შაჰინი

სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და რიჩარდ დურბინმა პარტია ხალხის ძალის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობას" ეხება, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ჟურნალისტმა სენატორებს ჰკითხა, რამდენად იქონიებს გავლენას ეს კანონი საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე.

"ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერმინისტრთანაც და შეხვედრებზეც წამოვწიეთ. აშშ-შიც არის მსგავსი კანონი გამჭვირვალობასა და გამოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა, მთავარია, ასეთმა კანონმა ვითარება არ წაიყვანოს იქით, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა. ეს ის მიმართულებაა, რაც აირჩიეს რუსეთმა და ვენესუელამ". - აღნიშნა დურბინმა.

ამასთან, სენატორი ჯინ შაჰინის აზრით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონი არ არის აშშ-ს კანონის მსგავსი.

"[..] იგი არის რუსული კანონის მსგავსი. უნგრეთმა მიიღო მსგავსი კანონი, რომელიც დადასტურდა, რომ ევროკავშირის ღირებულებებთან, ადამიანის უფლებებთან და გამჭვირვალობასთან შეუსაბამოა. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთი კანონია, რასაც ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი დემოკრატიის უკუსვლაზე". - აღნიშნა შაჰინმა.


ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

თუმცა, უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  

კომენტარები