რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთისთვის სამხედრო დახმარებით ჩინეთი "წითელ ხაზს" გადაკვეთს – აშშ-ს ელჩი გაეროში

აშშ-ს ელჩი გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი
Eduardo Munoz

გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო დახმარებას გაუწევს, ის "წითელ ხაზს" გადაკვეთს. ამის შესახებ ელჩმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მივესალმებით ჩინეთის სამშვიდობო მოწოდებას. ეს სწორედ ისაა, რის მიღწევასაც ჩვენ მსგავს სიტუაციებში ვცდილობთ. თუმცა ჩვენი მხრიდან ასევე მკაფიო უნდა იყოს, რომ თუკი ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა, აზრად გაივლებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში მხარი დაუჭიროს, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება. ეს წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს". - თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ინტერვიუში. 

ლინდა თომას-გრინფილდის ინტერვიუ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ "შემაშფოთებელი" ტენდენცია შენიშნა ჩინეთის მიერ რუსეთის არმიის მხარდაჭერის მიმართულებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეკინი "აპირებს ზღვარი გადაკვეთოს" და რუსეთს ფარულად სამხედრო დახმარება გაუწიოს. მედიის ცნობით, აშშ-მ დაზვერვის მიერ შეგროვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოკავშირეებსაც გაუზიარა.


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენოტინი ბლინკენის თქმით, იზრდება საფრთხე, რომ ჩინეთი გეგმავს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დაეხმაროს.

"ბოლო თვეებში უკვე ვნახეთ ჩინეთის არალეტალური დახმარება, რომელიც პირდაპირ უწყობდა ხელს რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებას. და კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რასაც ახლა ვისმენთ და დამატებით დეტალებს, რაც, ჩემი აზრით, მალე ცნობილი იქნება, ცხადი ხდება, რომ ისინი განიხილავენ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას". - თქვა ბლინკენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიაწვდის ჩინეთი რუსეთს, ბლინკენმა აღნიშნა, "იარაღს, იარაღს, პირველ რიგში".

"მთელი სპექტრია, რაც ამ კატეგორიაში ჯდება - საბრძოლო მასალიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული". - თქვა ბლინკენმა.

კომენტარები