რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, რუსეთი კი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რეზოლუციით, რომელიც პარლამენტმა 16 თებერვალს მიიღო, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.

დეპუტატებმა, ამასთანავე, დაგმეს რუსეთის პირდაპირი და ირიბი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. რეზოლუცია არ აღიარებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ტერიტორიები კვლავ უკრაინის განუყოფელი ნაწილია.

მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებულია სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნა, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების შესახებ გამოძიებას ჩაატარებს. 

ამასთან, დოკუმენტი გმობს ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი სლოვაკეთის ტერიტორიაზე აწარმოებს. რეზოლუცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, სადაზვერვო სამსახურებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, მიიღონ ქმედითი ზომები სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

კომენტარები