ოლივერ ვარჰეი

"კიდევ რამდენი იდიოტია იქ?" – ოლივერ ვარჰეი ევროპარლამენტარებს

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის გადადგომას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში მიმართვისას მან კანონმდებლებს იდიოტები უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

"კიდევ რამდენი იდიოტია იქ?" – ჩაილაპარაკა ვარჰეიმ. 

ევროპარლამენტარებმა ოლივერ ვარჰეის თანამდებობებიდან გათავისუფლება და ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენისგან მკაცრი საპასუხო ზომების მიღება მოითხოვეს. 

ვარჰეიმ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, "გულწრფელად ვწუხვარ ჩემ შენიშვნებთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო".

ამასთან, ვარჰეის თქმით, აღნიშნული რეპლიკა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, რადგან იმ დროს მის გვერდით მჯდომ პირთან საუბრობდა.

"ეს უკავშირდებოდა უნგრულ ენაზე პირად საუბარს ჩემსა და ჩემს კაბინეტის ხელმძღვანელს შორის სრულიად განსხვავებულ საკითხზე, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოღებული. ბოდიშს ვიხდი ამის გარშემო შესაძლო გაუგებრობისთვის. სრულიად ვცემ პატივს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს, მათ შორის ევროპარლამენტს და მის საპატიო წევრებს". – თქვა ვარჰეიმ. 

"ვარჰეის ჰქონდა ბოდიშის მოხდის შანსი და მან ეს ხელიდან გაუშვა. არ შეიძლება, უბრალოდ უთხრას ევროპარლამენტარებს "თქვენ არასწორად გაიგეთ" და გააგრძელოს. უნდა დადგეს შედეგები". – თქვა მწვანეთა პარტიის წევრმა, დანიელ ფროინდმა.

აღსანიშნავია, რომ ვარჰეის პლენარულ სესიაზე გამოსვლამდე, ხორვატმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ევროპარლამენტარმა, ტომისლავ სოკოლმა ჰკითხა, თუ რას აპირებდა კომისარი დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებში სერბების ჩარევასა და მის მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ევროპარლამენტი კომისიას სთხოვდა, დაეწყო გამოძიება ოლივერ ვარჰეის საქმიანობის შესახებ. კომისარს ბრალი ედება განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის განვითარებისთვის არასაკმარისი მხარდაჭერაში. 

პარლამენტარებმა მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება ცნობებთან დაკავშირებით, რომ ყოფილი დიპლომატი "განზრახ ცდილობდა აეცილებინა და შეესუსტებინა დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებში".

კომენტარები