რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ მიმართა ნორვეგიის პარლამენტს, რომელიც გეგმავს კიევს €7 მილიარდის პაკეტი გადასცეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ნორვეგიის პარლამენტს, რომელსაც მთავრობა უკრაინისთვის განკუთვნილ ხუთწლიან თითქმის 7 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს წარუდგენს.

"სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ საკუთარი თავის დაცვისა და მეგობრებისგან თავის დასაცავად დახმარების მიღების უფლება. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს ყველა ამ პრინციპს, რომელიც გადამწყვეტია ნორვეგიისთვის და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ უკრაინელების ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა". - თქვა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გაჰრ შტორემ. 

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ნორვეგიას ომში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ახლა თქვენ ქმნით ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტს იმ ქვეყნის გრძელვადიანი დაფინანსებისთვის, რომელიც იცავს თავის დამოუკიდებლობას და ყველა ქვეყნის უფლებას, იცხოვროს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად". – აღნიშნა ზელენსკიმ. 

მან ასევე გაიხსენა, რომ პირველად ნორვეგიის პარლამენტს ომის 35-ე დღეს მიმართა და აღნიშნა, რომ მარტიდან ბევრი რამ შეიცვალა. მისივე თქმით, არსებობს რწმენა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინას მარტო არ დატოვებს.

"ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ამ 5 წლის განმავლობაში. მაგრამ ვიცით, რა არ მოხდება: რუსეთი ვერ გადალახავს ჩვენს ერთიანობას, კრემლი ტერორსა და დაშინებას ევროპისთვის ახალ რეალობად არ აქცევს. რუსეთის დროშა არ დარჩება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ისეთივე უეჭველია, როგორც თქვენი NASAMS [საჰაერო თავდაცვის სისტემა], რომელიც უკრაინის ცას იცავს". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები