საქართველო-ევროკავშირი

ზარქუა: შევარცხვინე საქართველო, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარისა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა. ზარქუამ ევროპარლამენტარების ნაწილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო კანონის უზენაესობით იმართება და ის, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად აგებს პასუხს.

"მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ის შანტაჟი და მუქარა, რაც ბატონმა კუბილიუსმა საქართველოს გამოუცხადა. ესე იგი, თუ კუბილიუსების, ფოტიგებისა და გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს საქართველო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსისა და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ამათმა ვერ გაიგეს, რომ საქართველო, ეს არის სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება და ჩვენთან, ქვეყნის წინაშე დამსახურების, დაუმსახურებლობისა თუ სტატუსის მიუხედავად, თუ დააშავებ, პასუხს აგებ. ჩვენ ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფით. რაც შეეხება ავტორიტეტულშელახული და კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების მუქარას, ამას სერიოზულად ვერც განვიხილავ. იცით, რომ 6 ევროპარლამენტარი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ყოველდღიურად მიდის დაკავებები და არ გამოვრიცხავ, ეს დაკავებები გაგრძელდეს. იმიტომ, რომ ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ეს ევროპარლამენტარები - როცა პირიქით, უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისა და კანონმორჩილებისკენ. როცა ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება, ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ დიახ, ევროკავშირი, ეს არის კანონის უზენაესობა. ამას რატომ სჩადიან და აკეთებენ, ვერ ვხვდები. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო ჩვენი ინტერესების შესაბამის თამაშს ითამაშებს, რომელიც კანონის უზენაესობას, საქართველოს ინტერესების დაცვასა და ამ მოცემულობით ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლას ეფუძნება" - თქვა ზარქუამ.

"ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, ქართული ოცნებისთვის - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, თუ ჩვენი წესებით არ ითამაშებთ" - თქვა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა მთავარი არხის ეთერში. კუბილიუსის თქმით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ იგივე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მათთვის აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს.

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ დებატებზე უყრიან და საბოლოო ტექსტიც ცნობილი ამ დროისთვის იქნება. 

ევროპარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ხუთი ტექსტი, რომლიდანაც ორში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენებს შეეხება. ამ ორი ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტია (EPP) და ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფია.

"[რეზოლუცია] ხაზს უსვამს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, როგორც პირად შურისძიებაში; იმეორებს მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოს პოლიტიკური პროცესის დაზიანებაში მისი როლის გამო". – წერია EPP-ს ტექსტში.

ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას განიხილავენ, როგორც საქართველოს ხელისფულების ევროპული ღირებულებებისა და კანდიდატობის სტატუსზე "ლაკმუსის ტესტს".

კომენტარები