ყირიმსა და რუსეთში უკრაინელ ბავშვებს "იდელოგიური საგანმანათლებლო" ბანაკებში ათავსებენ

იელის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელ ბავშვებს ერთგვარ "იდეოლოგიურ საგანმანათლებლო" ცენტრებში ანაწილებენ. კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით, სულ მცირე, 43 ცენტრი მუშაობს. 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ "იდეოლოგიურ საგანმანათლებლო ბანაკებში" დაახლოებით 6000-მდე ბავშვია და მათი ასაკი 4 თვიდან 17 წლამდე მერყეობს. 

ბანაკების უმეტესობა სამედიცინო დანიშნულებისაა, თუმცა მათი ნაწილი რუსეთში ჩაყვანილი ბავშვების დასაბინავებლად და გასაშვილებლად მომზადებისთვის გამოიყენება. კვლევის მიხედვით, ყირიმისა და ჩეჩნეთის ბანაკებში უკრაინელ ბავშვებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებასაც ასწავლიან. 

"სავარაუდოდ, ბანაკების მთავარი მიზანი უკრაინელ ბავშვებში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი იდეოლოგიის ჩანერგვაა. ისინი ბავშვებს მიზნობრივად უღვივებენ კულტურულ, ისტორიულ, საზოგადოებრივ და პატრიოტულ მოტივებს". - ნათქვამია ანგარიშში. 


Reuters-თან ინტერვიუში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ თქვა, რომ უკრაინელი ბავშვების გაშვილებითა და მათთვის რუსული პასპორტების დარიგებით რუსეთი ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევეს.

გრანდის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამსახურს ოკუპირებული რეგიონებიდან ბავშვების დასახმარებლად მეტის გაკეთება სთხოვა. 

ზელენსკიმ გრანდისთან შეხვედრის შემდეგ გაეროს რუსეთში დეპორტირებული მოქალაქეების დასაცავად და დასაბრუნებლად სპეციალური მექანიზმის შემუშავებისკენ მოუწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა ითხოვა. 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული მხარე უარყოფს ბავშვების გატაცებას და ამტკიცებს, რომ ამგვარ პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. 

კომენტარები