აშშ-საქართველო

ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა

13 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

რობინ დანიგანი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

მანამდე, 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, ის ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის მოვალეობის შემსრულებლისა და ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ როლში ის აშშ-ს ენერგეტიკულ რესურსებს მართავდა.

ამასთან, დანიგანი აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე მუშაობდა.

დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა.

რობინ დანიგანი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრია. ამასთან, მან ეროვნული ომის კოლეჯში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. დანიგანი საუბრობს ესპანურად, გერმანულად, თურქულად და ვიეტნამურად.

კომენტარები