პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინისთვის F-16 მოერიშე თვითმფრინავის გადაცემის საკითხზე BBC-სთან ისაუბრა. დუდას თქმით, რეაქტიული თვითმფრინავების, უკრაინისთვის გადაცემა, მათი სიმცირის გამო, ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის.
"დღეს, ნებისმიერი სახის რეაქტიული თვითმფრინავის, ნებისმიერი F-16-ის პოლონეთის საზღვრებს გარეთ გაჩუქება ძალიან სერიოზული და ჩვენთვის რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა". – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი.
დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთს ამჟამად 50-ზე ნაკლები რეაქტიული თვითმფრინავი ჰყავს.
"მათი მცირე რაოდენობით გავაჩუქებაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან, არ მოვერიდები თქმას, ჩვენ ეს რექტიული თვითმფრინავები საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს". – თქვა დუდამ.
20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, პილოტებს F-16-ების მართვის შესასწავლად დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება.
31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს.
"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას.
უკრაინამ F-16 მოერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით ასევე ნიდერლანდებს მიმართა, ხოლო ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან გასაგები თხოვნაა, თუმცა ის რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.
"ჩვენ უნდა განვიხილოთ F-16-ების ხელმისაწვდომობა აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან და სერიოზულად უნდა შევხედოთ მოსალოდნელ შედეგებს. არ შეიძლება, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ამ საკითხზე გულწრფელები უნდა ვიყოთ". – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.