კობი ბრაიანტი

კობი ბრაიანტის ფორმა, მისივე ხელმოწერით აუქციონზე $5.8 მილიონად გაიყიდა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მიერ ხელმოწერილი, ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისური, რომელიც მას NBA-ის 2007-2008 წლის სეზონში ეცვა, Sotheby's-ის აუქციონზე $5.8 მილიონად გაიყიდა. კობის ეს მაისური სეზონის განმავლობაში 25 თამაშში ეცვა.

აღსანიშნავია, რომ 2007-2008 წლის სეზონში, როდესაც კობის ეს მაისური ეცვა, ის NBA-ის სეზონის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა. სოთბისის აუქციონის ცნობით, ეს კობი ბრაიანტთან დაკავშირებული ყველაზე ძვირადღირებული ნივთია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. აქამდე, კობის ფორმაში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა 3.7 მილიონი დოლარი იყო.

კობი ბრაიანტი ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა. მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო. ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ - ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად. NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და NBA 2016 წელს დატოვა.

2020 წლის 26 იანვარს, კალაბასასში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი, ჯიანა ბრაიანტი დაიღუპნენ. ავიაკატასტროფას მთლიანობაში 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები