მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში საქართველოს ელჩი: ნანგრევებში ჩვენი 2 მოქალაქე რჩება, ახლანდელი ინფორმაცია ასეთია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში რჩება საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. ჯანჯღავამ რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში საგანგებო შტაბი შეიქმნა.

"ორივე გენერალურ საკონსულოსთან ვართ კოორდინაციაში, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავადგინოთ ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელი და რაც ყველაზე სამწუხაროა, გარდაცვლილ მოქალაქეებთან მიმართებაში უკვე შემდგომში ქმედებები განვახორციელოთ, ჩავერთოთ ჩვენი მოქალაქეების გადმოსვენებაში... ჩვენ გვყავდა ორი მოქალაქე გარდაცვლილი, დღეს მესამე დადასტურდა. ეს დასტური მხოლოდ არის ოჯახიდან მიღებული ინფორმაცია, პროზექტურაში არცერთი არ არის გადაყვანილი.

100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი, ვინც დაკარგული იყო, დავადგინეთ, იყო პრობლემატური მოქალაქეებიც და ახლა რჩება 2 მოქალაქე, რომელიც არის ნანგრევებში. ამჟამად... ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები, ჩვენ შემოგვდის ასეულობით ზარი, ათასზე მეტი ზარი შემოვიდა.

პირველივე დღიდან დავაანონსეთ და სამინისტროსთან კოორდინაციაში ვაკეთებთ ამას, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობ, უფრო მეტი ქმედითუნარიანობა გაგვაჩნია ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია," - განაცხადა ელჩმა ღამის კურიერის ეთერში.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე.

მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ორ დღეზე მეტია, იბრძვიან. 

კომენტარები