მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

მიწისძვრას მოყოლილ დიდ მსხვერპლზე თურქეთის ოპოზიცია პასუხისმგებლობას ერდოღანს აკისრებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჯდაროღლუ მიწისძვრის შედეგად მრავალი ადამიანის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აკისრებს.

"თუ ამაზე ვინმეა პასუხისმგებელი, ეს ერდოღანია". – თქვა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს სტუმრობს. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს, მან თქვა, რომ თურქეთში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9 057-მდე ავიდა. 

თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა ქილიჯდაროღლუს ბრალდებას და თქვა, რომ ასეთი დიდი კატასტროფისთვის მომზადება შეუძლებელია.

"ახლა ერთიანობისა და სოლიდარობის დროა. ასეთ დროს მე ვერ ავიტან ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ინტერესებისთვის ნეგატიურ კამპანიებს აწარმოებენ". – დაამატა ერდოღანმა.

ამას გარდა, ერდოღანმა აღიარა, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა ახლაა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 8574 ადამიანი დაიღუპა და 31 700-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 662-ს აჭარბებს. 

ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები