ანასტასია გუბანოვა

ფიგურული ციგურაობის ფედერაცია: გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს

6 თებერვალს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა მოსკოვში გამართულ შოუში მიიღებს მონაწილეობას.

"ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფიგურულ სრიალში სიყვარულის ფესტივალზე გამოვა" – წერს გამოცემა TACC.

ინფორმაცია უარყო საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ:

"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში. 

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ  გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას  ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს". – წერია ფედერაციის პოსტში.

გუბანოვა საქართველოს ნაკრების წევრი 2021 წლის აგვისტოში გახდა. იქამდე სპორტსმენი რუსეთის სახელით ასპარეზობდა. მიმდინარე წლის 29 იანვარს გუბანოვა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა.

კომენტარები