იგორ მანგუშევი, რომელიც ლუგანსკელი სეპარატისტების გასამხედროებული ჯგუფი ენოტის (Е.Н.О.Т - ერთობლივი ეროვნული თემური ამხანაგობა) ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, თავის არეში მიყენებული დაზიანების შედეგად მოკვდა.
რუსული მედიის ცნობით, თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის ე.წ. ეროვნული მილიციის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურს 9მმ.-ის კალიბრის ტყვია ახლო მანძილიდან, თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ის 4 თებერვლის შემდეგ კომაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მანგუშევს დაზიანება ფრონტის ხაზზე არ მიუღია. მას ჭრილობა ოკუპირებულ ლუგანსკში, ქალაქ კადიევკაში მიაყენეს.
5 თებერვალს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქალი, რომელიც თავს მანგუშევის ცოლად აცხადებდა, ამბობდა, რომ მისი ქმრის დაჭრა შეკვეთილი მკვლელობა ან სიკვდილით დასჯის მცდელობა იყო.
სეპარატისტული ჯგუფის ლიდერის მეგობარი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ ცნობილია თუ ვინ ესროლა მანგუშევს, თუმცა მას სახელი და გვარი არ დაუსახელებია.
2022 წლის აგვისტოში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მანგუშევი სცენაზე გამოდიოდა და ხელში, სავარაუდოდ, ადამიანის თავის ქალა ეჭირა. როგორც თავად ამბობდა, ეს აზოვსტალის დამცველი უკრაინელი სამხედროს თავის ქალა იყო.
ის ჩანაწერში ამბობდა, რომ რუსეთი არა ადამიანებთან, არამედ "უკრაინის იდეასთან, როგორც ანტირუსულ სახელმწიფოსთან" იბრძვის. იგი ამბობდა: "ფეხებზე მკიდია, რამდენის და როგორ მოკვლა იქნება საჭირო... უკრაინული იდეის ყველა მატარებელი უნდა განადგურდეს".
დაჯგუფება ენოტი უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარეს 2014 წლიდან იბრძოდა.





