ენმ

კობა ნაყოფიამ ენმ-ს ახლადარჩეული პოლიტსაბჭო დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, კობა ნაყოფია ახლადარჩეულ საბჭოს ტოვებს.

"მინდა გამოვეხმაურო პოლიტსაბჭოს არჩევნებს, რომელიც ისე ჩატარდა ვერავინ გაიგო. პოლიტსაბჭო, რომელიც ფუნქციონირებდა, ბოლო, 10 000-კაციან ყრილობაზე იყო არჩეული. ახლა კი, ამხელა ლეგიტიმაციის პოლიტიკური საბჭო 300-კაციანი ყრილობით გადაირჩიეს. 

ამ პოლიტსაბჭოში მეც აღმოვჩნდი, თურმე დეპუტატის მანდატის კვოტით. არ ვისარგებლებ ამ კვოტით და არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ასე შემდეგ". – თქვა კობა ნაყოფიამ.

5 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი – თანამდებობა კვლავ პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. კობა ნაყოფია კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა. ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტსაბჭოს სიაში ვერ მოხვდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ. 

კომენტარები