მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქეს ეძებენ, 2 დაიღუპა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 2 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 6-ს ამ დრომდე ეძებენ.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩოში 2 დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. 

კომენტარები