ქართული ოცნება

ქართული ოცნება პრეზიდენტს საკონსტიტუციოში აღარ უჩივის

ქართული ოცნება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ უჩივის. ამის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. 

1. №1723 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს. 

2022 წლის 6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში 25 ივნისს მიიღო.   

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას ედავება. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი. სწორედ მათ ეხებოდა საკონსტიტუციო სარჩელი. ქართული ოცნება განმარტავდა, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

თუმცა, 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა.  

კომენტარები