ქართული ოცნება

კობახიძე პრეზიდენტზე: შეიძლება, სარჩელის გამოწვევა ლოგიკურია, რადგან მხოლოდ ბაქრაძეს ეხება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოწვევა "ლოგიკური იყოს".  

"კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, კონტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისა და გათავისუფლებისას. რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე, რაც რეალურად კარგია. ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო ინსტიტუციის დაცვა და იმის უზრუნვეყოფა, რომ ყველა ინსტიტუტს ემოქმედა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. 

რაც შეეხება სარჩელს, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა. თუმცა, არ ვიცი, საქართველოს მთავრობა იმსჯელებს, იმიტომ, რომ მოსარჩელე არის საქართველოს მთავრობა, თუ საჭირო იქნება, ბუნებრივია, მეც ჩავერთვები კონსულტაციებში". - ამბობს ირაკლი კობახიძე.  

31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა. თუმცა, მანამდე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა.   

6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში 25 ივნისს მიიღო.   

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას ედავება. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი და საკონსტიტუციო სარჩელი ამ პირებს შეეხება. ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კომენტარები