მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ამერიკელებმა აშშ-ს თავზე ჩინური სათვალთვალო ბუშტი ჩამოაგდეს

ამერიკელებმა აშშ-ს თავზე ჩინური სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს. ინფორმაცია Twitter-ზე, War Monitor-ის გვერდზე ვრცელდება. 

 


ჩინური სათვალთვალო ბუშტი დასავლეთ შტატის, მონტანას საჰაერო სივრცეში შენიშნეს. როგორც ირკვევა, თავდაპირველად აშშ-ს სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო ბუშტი არ ჩამოეგდოთ.

ამასთანავე, წყაროების ცნობით, აშშ-ს დაზვერვისთვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რადგან მათივე თქმით, აშშ-ს მაღალჩინოსნები საჰაერო ბუშტის გადაადგილების ტრაექტორიას აკვირდებიან. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი. სავარაუდოდ, ბლინკენი თავის ჩინელ კოლეგას და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უნდა შეხვედროდა. 

ჩინური მხარის ინფორმაციით, ბუშტს მეტეოროლოგიური კვლევისთვის იყენებდნენ, ხოლო უამინდობის გამო მან მარშრუტს გადაუხვია.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ინციდენტის შესახებ ვაშინგტონი ჩინეთთან ღია კომუნიკაციას შენარჩუნებას გეგმავდა. აშშ-ს შეფასებით, ჩინური სათვალთვალო ბუშტის აშშ-ს საჰაერო სივრცეში აღმოჩენა მათი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა იყო.

Associated Press-ი აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის უეცარი შეწყვეტის გადაწყვეტილება ბლინკენმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთობლივად მიიღეს. 


პენტაგონის ინფორმაციით, ლათინური ამერიკის თავზე კიდევ ერთი ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი შენიშნეს

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ლათინური ამერიკის საჰაერო სივრცეში საჰაერო ბუშტი მოძრაობს. ჩვენი შეფასებით, ეს კიდევ ერთი ჩინური სათვალთვალო ბუშტია". - თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა. 

საჰაერო ბუშტის ზუსტ ადგილმდებარეობაზე ინფორმაცია არ გასაჯაროვდა. CNN-თან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ბუშტი აშშ-ს მიმართულებით არ მოძრაობს. 

კომენტარები