საქართველო-უკრაინა

მთავრობას ჩვენ ხარჯზე ტერიტორიების დაბრუნება უნდა, თან სააკაშვილს დასცინის – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ერის ხარჯზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს, ამავდროულად კი [ხელისუფლება] უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს დასცინის.

"დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც თვლის, რომ ჩვენ რუსეთთან ხელს მოვაწერთ რაიმე სახის სამშვიდობო ხელშეკრულებას. თითქოს მან იოცნება, რომ ჩვენ იქ [ხელშეკრულებაში] უნდა ჩავრთოთ საქართველოს ის ნაწილიც, რომლის ოკუპაცია რუსეთმა 2008 წელს მოახდინა. თუმცა, როდესაც მე მარტში მივმართავდი მოძმე-ქართველებს, რომ მოდით დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ – საქართველომ, რომელსაც სწორედ ეს სახეები [ხელისუფლება] წარმოადგენდნენ, განცხადებაც კი გაავრცელა, რომ თითქოს მე მათ საქმეში ვერევი". - თქვა დანილოვმა.

გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ქართველები ციხეში აჩერებენ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

"ახლა კი სურთ, რომ ჩვენს გამარჯვებას ჩაებღაუჭონ და თვლიან, რომ ასეა საჭირო. შესაძლებელია, რომ ასეც არის საჭირო, თუმცა ჩვენ მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოექცნენ. მსურს გაგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი იმყოფება ციხეში და რაიმე სახის პატივისცემა რომ გაგაჩნდეთ მას არათუ უნდა დასცინოდეთ, არამედ ჩვენს მოქალაქეს კიევში უნდა უშვებდეთ". - თქვა დანილოვმა.

ამასთან, ოლექსი დანილოვის თქმით, მას არ ესმის, რა სახის სამყაროში ცხოვრობენ ქართველები.

"არ ვიცი, რა სახის სამყაროში ცხოვრობენ ისინი. ერთისმხრივ, მათ სურთ, რომ ჩვენი სისხლით დაიბრუნონ მიწები, მეორემხრივ კი ისინი დასცინიან ჩვენს მოქალაქეებს. ეს უბრალოდ დაუშვებელია". - თქვა დანილოვმა.


1 თებერვალს, Bloomberg-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულებაში, უნდა ჩაიწეროს პუნქტი კრემლს აიძულებს, უარი თქვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს და მისივე განცხადებით, ის თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად, საჯაროდ აწამებენ. 

კომენტარები