რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, თებერვლის ბოლოს ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში შეხვდეს – DGP

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში, 2022 წლის 22 დეკემბერი.

პოლონური მედიის ინფორმაციით, განიხილება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტი, სადაც ის პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება. 

DGP-ის ცნობით, ბაიდენის ჩასვლა პოლონეთში თებერვლის ბოლოს იგეგმება და შესაძლებელია, დროის იმავე მონაკვეთში ქვეყანას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესტუმროს. 

შეხვედრის სავარაუდო ადგილად ქალაქი ჟეშუვი ან ვარშავა სახელდება. 

როგორც უკრაინული დიპლომატიური წყარო იუწყება, ზელენსკი ლიდერებს 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას წარუდგენს და მხარეებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან წლისთავს უკავშირდება და უკრაინის მხარდაჭერას ემსახურება.

კომენტარები