მეტრო ვარკეთილი

რეაბილიტაციის გამო, ზაფხულში ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება

ტაბულა

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო "დაახლოებით 2 თვით" დაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ივნისი-აგვისტოს შუალედში მოხდება.

"მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზები დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსებით, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისვლას" - თქვა კალაძემ.

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 9 თებერვალს უნდა დაიწყოს და 18 თვეში დაასრულოს. აქედან ორი თვე, "ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის" მეტროსადგური დაიკეტება.

"ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13 400 000 ლარს, რომელიც სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გარდა ამისა, შემუშავდა იმ სამუშაოთა პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ მეტრო განსაკუთრებული ობიექტია და სამუშაოების წარმოება, რა თქმა უნდა, თავისი სტანდარტებით უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადგენილია, ვარკეთილის მეტროს დაბლა, ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით ორი თვით, თუმცა, ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ივნისი-აგვსოს შუალედში, რა თქმა უნდა, წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას მოსახლეობას" - ამბობს თბილისის მერი.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.

"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. 


ინფორმაციისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უკვე ორი წელია, მეტროსადგური გოცირიძე დაკეტილია. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. 

კომენტარები