მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი: შევიტყვე ექიმებისგან, რომ საბუთებში სააკაშვილის სიმაღლე 2 სმ-ით დააპატარავეს

ლევან ხაბეიშვილი
მთავარი არხი

"კარგად უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს თემა [ სააკაშვილის ჯანმრთელობა] ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება პრიორიტეტული, ნომერ პირველი და ვერანაირი სხვა პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება ქვეყანაში, სანამ ტყვეობაში ეყოლებათ".- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ვივამედში მას შემდეგ მივიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაში გადაჰყავთ. 

ხაბეიშვილი ამბობს რომ ქართული ოცნება "დანის პირზე დადის" და აკეთებს ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს.

"მე ახლა როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში, იმიტომ რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს მისი პარამეტრები. 194 სმ-ია სააკაშვილი და 68 კგ. 2 სმ კიდევ მოაკლეს და ეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ. ხვდებით ხო, თუ რაზე მიდის ხელისუფლება? წარმოუდგენელია".- ამბობს ლევან ხაბეიშვილი მთავარ არხთან საუბარში. 

მისივე თქმით, სააკაშვილი რეანიმაციაში სასამართლო პროცესების მიმდინარეობის გამო არ გადაყავთ. 

"პრეზიდენტი სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს, მას ექცევიან როგორც ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ, რადგან სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი".- ამბობს ხაბეიშვილი. 

კლინიკა ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ. 

დღეს განცხადება გააკეთა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც. მან თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია.

ჩხაიძემ ასევე თქვა, რომ კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის PCR ტესტის პასუხი უკვე უარყოფითია. ვივამედის კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ გუშინ გადამოწმდა სააკაშვილის სხვადასხვა ლაბორატიული ანალიზები და მისივე თქმით, ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.

კომენტარები