აფეთქება პაკისტანში

პაკისტანში ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, ლოცვის დროს, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

შემთხვევის დროს მეჩეთში 300-დან 400-მდე სამართალდამცველი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული.

პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მეჩეთის დიდი ნაწილი სრულად ჩამოიშალა და ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების დასახმარებლად სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, ტერორისტებს სურთ, დათესონ შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებს.

ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი პეშავარში თავდასხმასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები