NATO-ფინეთი-შვედეთი

ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება ერთად უნდა განიხილონ – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Johanna Geron

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთი არ აპირებს პირვანდელ გეგმას გადაუხვიოს და იმედოვნებს, რომ ივლისამდე შვედეთთან ერთად NATO-ს წევრი ქვეყნების რიგში იქნება. ამის შესახებ ჰაავისტომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ კვლავ დიდი სურვილი გვაქვს შვედეთთან ერთად NATO-ს შევუერთდეთ. ამ პროცესში ის ჩვენი უახლოესი სამხედრო პარტნიორია. ჩვენ ხაზგასმით ვუთხარით ყველა მომავალ პარტნიორ ქვეყანას, უნგრეთისა და თურქეთის ჩათვლით, რომ ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება ერთობლივად უნდა განიხილონ. მე კვლავ მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც ივლისში, ვილნიუსში გაიმართება და იმედს ვიტოვებ, რომ ამ დროისთვის ორივე ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება". - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ჰაავისტოს კომენტარს შვედეთის მხარე არ გამოხმაურებია. 


30 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს. მინისტრის კომენტარი სტოკჰოლმში იმ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელზეც დემონსტრანტმა ყურანი დაწვა.

"სამართლიანი მიდგომაა პრობლემურ და ნაკლებად პრობლემურ ქვეყანას შორის განსხვავების დადგენა. ჩვენ შეგვიძლია ცალ-ცალკე განვიხილოთ [ფინეთის და შვედეთის] განაცხადები წევრობასთან დაკავშირებით". - თქვა ჩავუშოღლუმ.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. ქვეყნების გაწევრიანებისთვის ყველა წევვრის თანხმობაა საჭირო. თანხმობის რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

კომენტარები