ჩვილების საქმე

გაყიდული ჩვილები – სქემები და ისტორიები

ჩვილების საქმე

გაყიდული ჩვილები – სქემები და ისტორიები

"საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა და საინფორმაციო დაწესებულება, ან სააგენტო, სადაც დარეკავ და ეტყვი – გამარჯობა, გავიგე, რომ გაშვილებული ვარ და სად მივიდე, რა საბუთი უნდა წარვადგინო, როგორ უნდა მოვიქცე – არავინ არ გაკვალიანებს" – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ვეძებ-ის დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე ტაბულასთან საუბარში. ორგანიზაცია მას შემდეგ დაფუძნდა, რაც 2 წლის წინ სოციალურ ჯგუფში იმავე სახელით ჯგუფი გამოჩნდა და უკანონოდ გაშვილებულმა ადამიანებმა ბიოლოგიური მშობლების, ან მშობლებმა მკვდრადგამოცხადებული შვილების ძებნა დაიწყეს.

თამუნა მუსერიძე გვიყვება, რომ მათი საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო.

"ერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, ამ ადამიანს ვუპოვეთ ბიოლოგიური მშობელი და ეს მშობელი ძალიან წინააღმდეგი იყო, არ აღიარებდა ამ ბავშვის არსებობას, იმიტომ, რომ, ამბობდა, მე ბავშვი გარდაცვლილი შემეძინაო. გენეტიკური ანალიზით დადასტურდა, რომ ისინი დედა-შვილი არიან. ეს ქალი ჩავარდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან პირველი სამშობიაროს გინეკოლოგმა თქვა, შენი შვილი გარდაცვლილი დაიბადაო. ეს იყო პირველი შემთხვევა, საიდანაც გაჩნდა ეჭვი". – გვიყვება მუსერიძე.

მისივე ცნობით, ირკვევა, რომ ათწლეულების განმავლობაში თბილისისა და რეგიონების სამშობიაროებში დაბადებული 10 000-ობით ბავშვის მშობლებს ეუბნებოდნენ, თქვენი შვილი გარდაიცვალა და ის სამშობიაროს ჩვილების სასაფლაოზე დავკრძალეთო. სინამდვილეში კი მათ ფულის სანაცვლოდ უკანონოდ აშვილებდნენ.

"არაერთმა სამშობიარომ უარყო სასაფლაოს არსებობა, მსგავსი ფაქტი არცერთ სამშობიაროს არ აქვს [...] მეორე სამშობიარომ ახალი რაღაც მოიფიქრა, რომ ჩვენ ხელშეკრულება გვქონდა ჰერმესთან [სასაფლაოების მფლობელი დამკრძალავი ბიურო], ჰერმესის წარმომადგენელი მოდიოდა და კვირაში ერთხელ კრძალავდაო. ესეც ტყუილი აღმოჩნდა". – ამბობს თამუნა მუსერიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ვეძებ-ის წარმომადგენლების ცნობით, ისინი მივიდნენ ჰერმესის სასაფლაოებზეც, თუმცა დადგინდა, რომ მათ ბავშვებისთვის ცალკე გამოყოფილი ადგილები არ ჰქონიათ. მათივე ცნობით, 2005 წლამდე არცერთ სამშობიაროსთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა.

თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ უკანონო გაშვილების შესახებ მოკვლევის დაწყების შემდეგ მათ ესაუბრა თბილისის მეორე სამშობიაროს გარდაცვლილი გინეკოლოგის შვილი, რომელსაც დედამ გარდაცვალებამდე მოუყვა, თუ როგორ ატყობინებდნენ მშობლებს მათი შვილების გარდაცვალების შესახებ, მათ ნამდვილად გარდაცვლილი ჩვილების ცხედრებს აჩვენებდნენ, ხოლო ცოცხალ ბავშვებს ყიდდნენ.

"სიკვდილის წინ ამ ქალმა დეტალურად მოუყვა, როგორ ყიდდნენ ბავშვებს, როგორ ხდებოდა ბავშვების მინუს სართულზე შენახვა  ჰყავდათ გაყინული ბავშვები: ქერა გოგო, ქერა ბიჭი, შავგვრემანი გოგო, შავგვრემანი ბიჭი  იმისთვის, რომ ეჩვენებინათ. თუ ქერები იყვნენ მშობლები, გამოჰყავდათ ქერა ბავშვი. თუ ვინმე ძალიან კატეგორიულად მოითხოვდა, ატანდნენ ბავშვებს ატანდნენ".  გვიყვება მუსერიძე.

ჩვილების უკანონოდ გაყიდვის სქემები:

რთული დასადგენია, ათწლეულების განმავლობაში კონკრეტულად რომელი სამშობიაროები იყვნენ, ან არ იყვნენ ჩართული ჩვილების გაყიდვა-გაშვილების სქემებში. თამუნა მუსერიძის შეფასებით, დანაშაულში ყველაზე აქტიურად თბილისის პირველი და მეორე სამშობიაროები იყვნენ ჩართული, თუმცა არსებობდა საქალაქთაშორისო სქემაც. ხშირ შემთხვევაში კვალის ასარევად და სამომავლო ნათესაური კავშირების თავიდან ასარიდებლად კახეთის სამშობიაროდან ჩვილები სამეგრელოს სამშობიაროში გადაჰყავდათ, ქობულეთიდან და ბათუმიდან – კახეთში, რუსთავიდან ქუთაისში და ასე შემდეგ.

მაგალითად, მუსერიძე ამბობს, რომ ქუთაისში გაყიდულია რამდენიმე გოგო, რომელთა ბიოლოგიურ დედად დოკუმენტებში ერთი და იგივე – მადლენა ჩიქობავას სახელია შეყვანილი, თუმცა დნმ ტესტით დადგინდა, რომ ისინი დები არ არიან. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ვეძებ-მა დაადგინა, მადლენა ქუთაისის ბავშვთა სახლის დირექტორის სახელია, ხოლო ჩიქობავა ზესტაფონის სამშობიაროს დირექტორის გვარი - საბუთებში იწერებოდა ერთი ადამიანის სახელი და მეორე ადამიანის გვარი, როგორც ბიოლოგიური მშობელი და იწერებოდა მათი გაშვილების ოფიციალური ნებართვა.

ჩვილების უკანონო გაშვილება-გაყიდვის რამდენიმე ძირითადი სქემა გამოიკვეთა:

სქემა 1: მშობიარობიდან მესამე დღეს დედას ეუბნებოდნენ, რომ ჩვილი გარდაიცვალა და ის სამშობიაროს სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ კი მას ყიდდნენ. სინამდვილეში კლინიკებს 10 000-ობით ქალის მშობიარობა ოფიციალურად არც აღურიცხავთ, შესაბამისად, მათ არ აქვთ ჩივილის დოკუმენტური საფუძველი.

ასეთი ჩვილები გადაჰყავდათ სხვადასხვა ბავშვთა სახლში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ამბობდნენ, რომ დედებმა მიატოვეს და ფულის სანაცვლოდ აშვილებდნენ.

სქემა 2: 1994 წლიდან ქართველები ბავშვების საზღვარგარეთ გაყიდვა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მშობლებს ამ შემთხვევაშიც ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი გარდაიცვალა, ჩვილები ე.წ. კონსპირაციულ ბინებში გადაჰყავდათ და მათთვის დროებით ძიძებს ქირაობდნენ. ბავშვები ძიძებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზრდებოდნენ. შემდეგ უცხოეთიდან ჩამოდიოდნენ აღმზრდელი მშობლები, რომლებსაც ჩვილები ფულის სანაცვლოდ შვილებად აჰყავდათ.

სქემა 3: ჩვილების გაშვილების კიდევ ერთი სქემა ოფიციალური დოკუმენტების სრულად მომზადებას, თუმცა ყალბი ცნობების შეტანას გულისხმობდა. ამ სქემით ატყუებდნენ აღმზრდელ მშობლებს, რომლებსაც სურდათ, რომ გაშვილება ოფიციალურად გაფორმებულიყო. ხშირ შემთხვევაში სამშობიაროს თანამშრომლები ბიოლოგიურ მშობლებად მათ მეზობლებს, ნაცნობებს აღრიცხავდნენ.

თამუნა მუსერიძის თქმით, ამგვარი სქემა განსაკუთრებით აქტიური გურჯაანში იყო. სქემა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც კანადაში გაშვილებულმა მოქალაქემ ქვეყანაში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მშობლების მოძებნა გადაწყვიტა. მან გურჯაანში იპოვა ადამიანები, რომლებიც სამშობიაროს მიერ დამზადებულ დაბადების მოწმობაში მის ბიოლოგიურ მშობლებად იყვნენ მოხსენიებული, თუმცა ოჯახის უარყოფისა და დნმ ტესტის შემდეგ დაადგინა, რომ ისინი მისი მშობლები არ ყოფილან და უბრალოდ სამშობიაროს თანამშრომლის მეზობლად ცხოვრობდნენ.

რუსთავის გზატკეცილზე გაყიდული ჩვილი

მოქალაქე ნინო მოხევიშვილი ტაბულასთან საუბარში ჰყვება, რომ 1996 წელს რუსთავის გზატკეცილზე 1 000$-ად გაყიდეს. მოხევიშვილის თქმით, ის რუსთავის სამშობიაროს დირექტორმა, ალექსანდრე ბარავკოვმა პირადად გაყიდა, ის კი დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური მშობლების მოძებნა გადაწყვიტა, რამდენჯერმე მივიდა რუსთავის სამშობიაროშიც, თუმცა კლინიკის დირექტორი მისი გაშვილების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

"ძალიან უკმეხად გამომისტუმრა ალექსანდრე ბარავკოვმა – რა გინდაო, როგორი კარგი გოგო გაიზარდეო და ახლა ჩემგან რაღას ითხოვო. მე არაფერი არ მახსოვსო. თუმცა, აშკარად იმდენად დაიბნა ეს ადამიანი, რომ ძალიან კარგად ახსოვს, რა და როგორ იყო, იმიტომ, რომ როგორც დედაჩემმა მითხრა, სამშობიაროს შენობაში კი არ უყიდიათ ბავშვი, გზატკეცილზე გადასცეს ჩემი თავი და შემდეგ ალექსანდრე ბარავკოვი გაჰყვა ჩემს მშობლებს სახლში. ჩემებმა არ იცოდნენ, როგორი ბავშვი ვიყავი, თვალით არ ვყავდი ნანახი და უთხრეს, წამოდი, ნახე ბავშვი ჯანმრთელი არის თუ არაო. ჩემი თავი რომ გადასცეს რუსთავის გზატკეცილზე მასთან ერთად იყო კოტე მანჯავიძე, მისი კოლეგაა, დღემდე ერთად მუშაობენ". – თქვა ნინო მოხევიშვილმა ტაბულასთან საუბარში.

მოხევიშვილმა 2022 წლის დასაწყისში მისი უკანონო გაყიდვის შესახებ სარჩელი შეიტანა რუსთავის პოლიციაშიც, თუმცა უწყებას არც კლინიკის დირექტორი დაუკითხავს და არც სხვა საგამოძიებო მოქმედებები დაუწყია.

"რუსთავში რომ დავწერე სარჩელი, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ მივედი, მაინტერესებდა, ბარავკოვი და მანჯავიძე დაკითხეს თუ არა. მითხრეს – იცი რა, ახლა იმდენი სხვა საქმეა, მაგისთვის ვერ ვიცლით, ვერ დავკითხეთ.

[...] რუსთავის პოლიციაში ასეთი სიტუაცია იყო: მოდი, ცოტა ხნით გაჩერდი. საფრთხე შენ თავსაც არ შეუქმნა, მშვიდად იყავი, ბავშვები გყავს... იქნებ როგორღაც სხვანაირად იპოვოო". – ამბობს მოხევიშვილი.

მისივე თქმით, ინფორმაციის მოსაძიებლად მიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის სააგენტოსაც, თუმცა სხვების მსგავსად უწყებიდან მასაც პასუხი არ მიუღია.

მოხევიშვილი ასევე ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის, ის რუსთავის სამშობიაროში დაიბადა თუ არა.

"ჩემი აღმზრდელი მშობლები რომ მივიდნენ სამშობიაროში, ბავშვის აყვანა რომ უნდოდათ, უთხრა [დირექტორმა], რომ რუს-ქართველი გოგო მყავს, ოღონდ დედამ სახლში გააჩინა, 500$-ის ნაცვლად 1 000$ ღირს და თუ გინდათ, ხვალ მოგიყვანთ რუსთავის გზატკეცილზეო". – ამბობს მოხევიშვილი.

მისვე თქმით, აღმზრდელი მშობლები ფულის გადაცემის შემდეგ ბავშვის მიყვანას რუსთავის გზატკეცილზე 13 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, შესაბამისად, ბარავკოვს შეეძლო ჩვილი თუნდაც სხვა ქალაქიდან ჩამოეყვანა. მოხევიშვილის აღმზრდელი მშობლები ამბობენ, რომ წინა დღეს შეხვედრაზე ბარავკოვს სამშობიაროში გოგო არ ჰყავდა, თუმცა უთხრა, რომ გასაყიდი ხუთი ბიჭი ჰყავდა, რომელთა ფასიც 500$ იყო.

ტაბულა დაუკავშირდა რუსთავის სამშობიაროს მოქმედ დირექტორ ალექსანდრე ბარავკოვსაც, თუმცა მან ჩვენთან საუბარზე უარი თქვა.

2015 წელს ბარავკოვი მანჯავიძესთან და კიდევ 6 პირთან ერთად არასრულწლოვანებით ვაჭრობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყება დაკავებულების მონაწილეობით ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორ ფაქტს იძიებდა, რაც დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას 12-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს.

ნინო მოხევიშვილი ბიოლოგიურ მშობლებს დღემდე ეძებს, თუმცა, როგორც ის ამბობს, დახმარებას  ვერც სახელმწიფო სტრუქტურებისგან და ვერც საგამოძიებო ორგანოებისგან ვერ იღებს.

სახელმწიფო უწყებების პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ კანონიერად და უკანონოდ გაშვილებული ბავშვების საქმეები და მათი დახმარება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს კომპეტენციაა, მოქალაქეები ამბობენ, რომ უწყებისგან დახმარებას ვერ იღებენ. სააგენტოში მისული მოქალაქეები, რომლებსაც მათი პირველადი ვინაობის დადგენა სურთ, ინფორმაციას ვერ იღებენ, რადგან დაბადების სააქტო ჩანაწერში მათი სახელები არ იძებნება. თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ ამგვარი პრობლემა სააგენტოში მისული მოქალაქეების 90%-ს ექმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უკანონოდ არიან გაშვილებული ან გაყიდული.

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულწლოვან მოქალაქეს არ შეუძლია მისი გაშვილების პროცესის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, თუ აღმზრდელი მშობლის წერილობით ნებართვას არ წარადგენს, რაც მუსერიძის შეფასებით, ასევე დიდი პრობლემაა.

ტაბულამ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს მიმართა კითხვით, აქვთ თუ არა აღრიცხული სტატისტიკა მათ შესახებ, ვინც უკანანო გაშვილების შედეგად საკუთარ პირველად ვინაობას ვერ ადგენს, თუმცა უწყებიდან პასუხს ჯერ კიდევ ველოდებით.

ბავშვთა უკანონო გაშვილება-გაყიდვის საქმეების გამოძიება

2022 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში უკანონოდ გაშვილებული ან გაყიდული ჩვილების საქმეებზე რამდენიმე გამოძიება დაიწყო. მოკვლევის დაწყებისას რამდენჯერმე გამოჰკითხეს თამუნა მუსერიძეც.

მუსერიძე ამბობს, რომ შსს იძიებს ე.წ. სამშობიაროების სასაფლაოების საკითხსა და 5 ადამიანის უკანონოდ გაშვილება-გაყიდვის საქმეს. გამოძიება მეტწილად 2000-2005 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე მიმდინარებს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლით (არასრულწლოვანებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი) განსაზღვრული დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 25 წელია. შსს-ს ასევე შეუძლია გამოძიების დაწყება ხანდაზმულ საქმეებზეც. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობა მხოლოდ სამართლებრივი დევნის ნაწილზე გავრცელდება და არა დანაშაულის დადგენაზე.

ტაბულამ სცადა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოეთხოვა ინფორმაცია 1990 წლიდან დღემდე არასრულწლოვანებით ვაჭრობის მუხლით დაწყებული გამოძიებებისა და სტატისტიკის შესახებ, მათ შორის ინფორმაციის მიღება მიმდინარე საქმეებზე, თუმცა უწყებიდან მხოლოდ ზოგადი საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომელიც 2016 წლიდან ტრეფიკინგის დანაშაულების შესახებ ზოგადად სტატისტიკას მოიცავდა. შსს-ში ამბობენ, რომ კონკრეტულად არასრულწლოვანებით ვაჭრობის შესახებ დამუშავებული სტატისტიკა არ აქვთ.

კომენტარები