ტრეფიკინგი

ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე "რუსთავის სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და "ახალი სამშობიარო ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე დააკავა. დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულში მონაწილე 6 პიროვნება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ, ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი", - იუწყება სამსახური.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით.

 

კომენტარები