ქართული უპილოტო საფრენი აპარატი

ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებული დრონების საცდელი ფრენა წარმატებით ჩატარდა

ქართულ-პოლონურ საწარმოში აწყობილი უპილოტო საფრენი აპარატი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებული საცდელი ფრენა წარმატებით შესრულდა.

სატესტო ჩვენებას დაესწრო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

დრონების წარმოებას შპს დელტა ინტერნეიშენალისა და პოლონურ კომპანია ვებე ელექტრონიქსს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი შპს დელტა-ვებე დაიწყებს.

"შპს „დელტა-ვებე“ საქართველოში დაფუძნდა „დელტას“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების - შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა". – წერია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. 

სატესტო ფრენაზე წარადგინეს ორი ტიპის დრონი: FLYEYE – რომელიც სამხედრო-სადაზვერვო დრონი იქნება და ე.წ. კამიკაძე დრონი WARMATE-ი.

FLYEYE

სადაზვერვო დრონი FLYEYE

"FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით". – წერია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის გავრცელებულ კადრებში ასევე ნათქვამია, რომ სადაზვერვო დრონის დავალებაზე გაშვებამდე აწყობას დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. დანადგარი ხელით უნდა გაუშვან.

WARMATE

ე.წ. კამიკაძე დრონი WARMATE-ი

"WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ". – წერს მთავრობის პრესცენტრი.

როგორც მთავრობის გავრცელებულ კადრებში ჩანს, WARMATE-ს სპეციალური გამშვები დანადგარი აქვს.

მთავრობის მიერ გავრცელებულ კადრებში ასევე ნათქვამია, რომ დრონების მასიური წარმოება ზაფხულში დაიწყება და იგეგმება ათასობით მსგავსი დანადგარის წარმოება.

კომენტარები