ენმ

ხაბეიშვილი მელიაზე: მე პირადად არაფერი მომისმენია, არც მაინტერესებს, ვოისს ვგულისხმობ

"მე პირადად არაფერი არ მომისმენია, არც მაინტერესებს, ანუ ვოისს ვგულისხმობ" - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა აუდიოჩანაწერზე, რომლის გავრცელებასაც ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის დაგეგმილს უწოდებს.

"როგორც კი გამოქვეყნდა, მაშინვე ვთქვი, რომ ეს სიბინძურეა და არ მაინტერესებს, ოღონდ თავად შევიდნენ მერე ამის გაქექვაში... ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, მიშა სააკაშვილის მომხრეები, რომელი პარტიის თავმჯდომარეობაც უნდა ნიკა მელიას, იმსახურებენ იმას, რომ ეთქვა - "მე არასდროს პრეიდენტ სააკაშვილს არ მივაყენებ შეურაცხყოფას, მე არასდროს გამიკეთებია ეს და ეს არის სიბინძურე". მან ესეც არ თქვა... 

მგონია, რომ მას ჰქონდა ვალდებულება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებთან, თუ მართალი კაცია... მე რომ ვინმემ გამომიქვეყნოს და თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს ვაგინებ, ვიტყვი, რომ ეს არის ტყუილი, ბუნებაში არ არსებობს ასეთი რამე და იმიტომ. და ხომ შეიძლება, დააფასო ის ხალხი და გაუქარწყლო ის ეჭვი, რაც თუნდაც გაჩნდა" - ამბობს ხაბეიშვილი TV პირველის ეთერში და ჭორს უწოდებს ბრალდებას, რომ მისი მხარდამჭერები "სოფელ-სოფელ ასმენინებდნენ ჩანაწერს".

"ცოცხალი ადამიანია, ვინც გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, ის კაცი კი არ დამალულა, წაბრძანდით ჟურნალისტები და ჰკითხეთ, ვინ მისცა, საიდან მისცა, როგორ ჩაუვარდა ხელში, დანარჩენი ჭორაობაა. დამალული კი არაა, ჩუმად კი არ აიტვირთა, ცოცხალმა ადამიანმა ატვირთა" - თქვა მან.

კომენტარები