ენმ

მელია: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ს გენმდივანი გიორგი კირთაძე იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება. ამის შესახებ მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.

პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას. გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა, უძლურია ფული და დაშინება.

გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის. არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას, დაიკავებს გიორგი კირთაძე და მე დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არამხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც იხსნის ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტპატიმრებისგან და პოლიტიკური პატიმრის ფენომენი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში... დარწმუნებული ვარ, გიორგისთან ერთად, ის გუნდი, რომელიც დაკომპლექტდება გიორგის მიერ, უახლოეს პერიოდში იქნება ერთერთი საუკეთესო გუნდი პარტიის ისტორიაში"" - განაცხადა მელიამ.

გიორგი კირთაძემ მადლობა გადაუხადა ნიკა მელიას და აღნიშნა, რომ ეს "ძალიან მოულოდნელი შემოთავაზება" იყო და აცნობიერებს "პასუხისმგებლობას", რომელიც მას დაეკისრა.


ენმ-ში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები