რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია თანამდებობიდან "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის მოადგილეს ათავისუფლებს

დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის ხალხის მსახურის თავმჯდომარისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას თქმით, იგი თანამდებობიდან თავის მოადგილეს გაათავისუფლებს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა

"თუ სახალხო დეპუტატი ხარ და რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს ზედმეტი, მაშინ შენს ქვეყანას უნდა დაეხმარო. ეს შენი მოვალეობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ქცევა ეთიკურად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალხო დეპუტატმა ომის დროს. ამიტომაც, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ ხალიმონი თანამდებობიდან გათავისუფლდება". - წერს არახამია. 

ასევე, არახამიამ სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნულის გამოძიებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ საქმე კანონის დარღვევასთან გვაქვს, დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს. 

ასევე, არახამიამ თქვა, რომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს პასუხისმგებლობა ელოდებათ და გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყება მათი ციხეში ჩასმა

როგორც არახამიამ აღნიშნა, საქმე ეხება, როგორც გენერატორების შესყიდვებს, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელ სკანდალებს.

გენერატორების შესყიდვებთან დაკავშირებით, დაკავებულია უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს კი ჯარისთვის საკვები პროდუქტების საბაზრო ღირებულებაზე ძვირად შეძენა ედება ბრალად.

არახამიას თქმით, შესაბამისი კომიტეტი 23 იანვარს შეიკრიბება და თავადვე იქნება ინიციატორი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის აღდგენის. გარდა ამისა, არახამიამ აღნიშნა, რომ ის ომის დაწყების დღიდან, თანამდებობის პირებს მუდმივად მოუწოდებს, სრული ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და ასევე, დაასრულონ საეჭვო საქმეებზე მუშაობა.

კომენტარები