რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ კორუმპირებული ჩინოვნიკების ციხეში ჩასმას

უკრაინის მმართველი ფრაქციის ხალხის მსახურის თავმჯდომარისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას თქმით, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს პასუხისმგებლობა ელოდებათ და გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყება მათი ციხეში ჩასმა. 

"სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ მათ ციხეში ჩასმას. რადგან არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონმდებლობით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მაროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე". - თქვა არახამიამ.

როგორც არახამიამ აღნიშნა, საქმე ეხება, როგორც გენერატორების შესყიდვებს, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელ სკანდალებს.

გენერატორების შესყიდვებთან დაკავშირებით, დაკავებულია უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს კი ჯარისთვის საკვები პროდუქტების საბაზრო ღირებულებაზე ძვირად შეძენა ედება ბრალად.

არახამიას თქმით, შესაბამისი კომიტეტი 23 იანვარს შეიკრიბება და თავადვე იქნება ინიციატორი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის აღდგენის. გარდა ამისა, არახამიამ აღნიშნა, რომ ის ომის დაწყების დღიდან, თანამდებობის პირებს მუდმივად მოუწოდებს, სრული ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და ასევე, დაასრულონ საეჭვო საქმეებზე მუშაობა.

კომენტარები