რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ზამთრის თვეებში დაბომბვისგან დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის ალტერნატიული წყაროებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უკანონოდ იქნა მითვისებული. 

მომხდარს სამინისტროც გამოეხმაურა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლოზინსკის თანამდებობიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. 

ბიუროს ინფორმაციით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის 1.68 მილიარდი გრივნა გამოყო. გამოძიების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილის მისათვისებლად ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა შეიმუშავეს სქემა. ისინი მეწარმეებს გაურიგდნენ და 280 მილიონი გრივნის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს. ლოზინსკიმ ამ გარიგების სანაცვლოდ $400 000 მიიღო.

ბიუროს ცნობით, საქმეზე ლოზინსკის გარდა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას აიყვანეს. 

კომენტარები