რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რამშტაინის შეხვედრის შემდეგ, მედვედევი თვლის, რომ ვითარება "ძალიან რთული" იქნება

Telegraph

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი დასავლელი მოკავშირეების რამშტაინის  საჰაერო ბაზაზე გამართული მორიგი შეხვედრისა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ რუსეთისთვის ვითარება "ძალიან რთული" იქნება. ამის შესახებ მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს

ამას გარდა, მედვედევის მტკიცებით, თუ კონფლიქტი გაჭიანურდება, აშშ-სგან "დაღლილი" ქვეყნები სამხედრო ალიანსს შექმნიან და ვაშინგტონს ევროპის მიტოვება "საბოლოოდ" მოუწევს.

"რამშტაინში შეხვედრა და კიევისთვის მძიმე შეიარაღების გამოყოფა არ ტოვებს ეჭვს, რომ ჩვენი მტრები განუსაზღვრელად დიდი ხნის განმავლობაში ეცდებიან ჩვენს დასუსტებას, უფრო სწორად – განადგურებას. მათ იარაღიც საკმარისად აქვთ. თუ საჭირო გახდება, ახლის წარმოებას დაიწყებენ. ამიტომაც, ილუზიები არ გვჭირდება. რა დასკვნები გამომდინარეობს აქედან? პირველ რიგში, ძალიან რთული იქნება. მეორეც, გაჭიანურებული კონფლიქტის შემთხვევაში, რაღაც მომენტში შეიქმნება ახალი სამხედრო ალიანსი ქვეყნებისგან, რომლებიც ამერიკელებმა და მათმა კასტრირებული ძაღლების ხროვამ დაღალეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში მუდამ ხდება, ხანგრძლივი ომების დროს. მაშინ შტატები საბოლოოდ მიაგდებენ ბებერ ევროპასა და საბრალო უკრაინელების ნარჩენებს. მსოფლიო კი კვლავ წონასწორობის მდგომარეობას დაუბრუნდება. თუ, რა თქმა უნდა, ძალიან გვიანი არ იქნება". – წერს მედვედევი.

კომენტარები