რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: გერმანია აშშ-ს უკრაინისთვის ტანკების გადაცემის პირობას უყენებს

სააგენტო Reuters-ი ბერლინის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია ტანკებს უკრაინაში იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ აშშ იმავეს იზამს.

ამავე ინფორმაციით, ბოლო დღეებში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დახურულ კარს მიღმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ამერიკული ტანკები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გერმანიის პოზიციასთან დაკავშირებით თქვა: "პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თითოეულმა ერმა უნდა გამოიყენოს საკუთარი სუვერენული უფლება, გადაწყვიტოს უსაფრთხოების რა სახის მხარდაჭერასა და აღჭურვილობას შესთავაზებს უკრაინას".

გარდა ამისა, ბერლინს სხვა ქვეყნების მიერ შესყიდული საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტზე ვეტოს უფლება აქვს.

ამასთან ერთად, პოლონეთმა და ფინეთმა აღნიშნეს, რომ გერმანიის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს გაგზავნიან. 

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი გერმანიას ქმედითი ნაბიჯებისკენ და უკრაინისთვის ყველა სახის იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებს.

მორავიეცკიმ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირიბად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბერლინი კიევისთვის მძიმე იარაღის გადაცემისგან თავს იკავებს. 

"გერმანიის მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებ, კერძოდ, კიევისთვის ყველა სახის იარაღის მიწოდებისკენ. ჩვენი საუბრის პარალელურად, უკრაინაში თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა მძვინვარებს. ტანკები არა საწყობებში, არამედ უკრაინელების ხელებში უნდა მოხვდეს". – თქვა მორავიეცკიმ.

კომენტარები