ირანი

EU–ს კანონმდებლებს ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება სურთ

europarl.europa.eu

18 იანვრის სხდომაზე ევროპარლამენტმა ევროკავშირს ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტი დაჯგუფების წევრებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და რუსეთის დრონებით მომარაგებაში სდებს ბრალს. ინიციატივა პოლონელ პარლამენტარს, ანა ფოტიგას ეკუთვნის.

რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შემთხვევაში, მის წევრად ყოფნა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. დაჯგუფების წევრების აქტივები ევროპაში გაიყინება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან და ბიზნესებისგან თანხების მიღებას ვეღარ შეძლებენ. 

ევროპარლამენტის 598-მა წევრმა ინიციატივას მხარი დაუჭირა. 

ამასთან, ბრიუსელი თეირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის დაწესებას განიხილავს. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და თეირანს შორის ურთიერთობა გაუარესდა, რაზეც Reuters-ის ცნობით, ირანის მხრიდან ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებების შეყოვნებამ იქონია გავლენა. გარდა ამისა, თეირანში არაერთი ევროპის ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო და უფრო აქტიურად აკრიტიკებენ ირანის ქუჩებში დემონსტრანტების მიმართ ძალადობასა და მათ წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის მეთოდის გამოყენებას. 

ევროპარლამენტის უფლებამოსილებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აღნიშნული ცვლილების გატარების პირდაპირი მოთხოვნა არ შედის. თუმცა ეს წინადადება ირანის მიმართ მკაფიო პოლიტიკური გზავნილი იქნება.

კომენტარები