რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირილენკო: სოლედარში ამ დრომდე 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი რჩება

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, ქალაქ სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი რჩება. დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ამ დრომდე 20 000 მოსახლე ცხოვრობდა.

კირილენკოს თქმით, 13 იანვარს უკრაინელებმა მოახერხეს ქალაქ სოლედარიდან შვიდი ადამიანის ევაკუაცია.

“როგორც კი შესაძლებელი იქნება ქალაქიდან დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც მოვიქცევით.” - თქვა კირილენკომ.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სოლედარში, აქვთ ჰიგიენური საშუალებები და საკვების საჭირო მარაგი.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს.

12 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სოლედარში "ცხელი ღამე" იყო, თუმცა ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა. 

დონეცკის ოლქში მდებარე სოლედარი, რომელიც მარილის საბადოებით ცნობილი პატარა ქალაქია, რუსეთს ბახმუტის მიმართულებით იერიშების გაძლიერებისთვის სჭირდება. თუმცა, როგორც ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში იყო ნათქვამი, ამ ქალაქის დაკავების შემთხვევაში ბახმუტი პირდაპირ ალყაში არ მოექცევა. ქალაქ სოლედარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი და აქ გამართულ ბრძოლებს საკუთარი ვაგნერის ჯგუფის რეკლამირებისთვის იყენებს. თუ რუსეთი სოლედარს დაიკავებს, ეს, ბოლოდროინდელი მარცხების შემდეგ, მათი პირველი წარმატება იქნება.

კომენტარები