რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ცნობით, ბრძოლა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარისთვის გრძელდება, მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებისა ქალაქის სავარაუდო აღების შესახებ.

"ბახმუტის ფრონტზე რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქებს – სპირნეს, ბილოგორივკას, როზდოლივკას, იაკოვლივკას, სოლედარს, კრასნა ჰორას, ბახმუტს, კლიშჩივკას, კურდიუმივკას, დრუჟბას და პივნიჩნეს – ცეცხლი გაუხსნეს. ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება”. – ამბობენ უკრაინის გენშტაბში.

ამასთანავე, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა 9-ჯერ მიიტანეს იერიში რუს პერსონალაზე, სარაკეტო სისტემებისა და არტილერიის პუნქტზე, სამხედრო პერსონალის 6 დაჯგუფებაზე, ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და რუსული საბრძოლო მასალის სამ საწყობზე.

13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს. სამინისტროს განცხადებით, სოლედარის კონტროლი რუსეთის ჯარებს საშუალებას მისცემს, უკრაინული ძალები ახლომდებარე ქალაქ ბახმუტიდან განდევნონ. 

უკრაინა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ სოლედარის გაკონტროლების თაობაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერჰი ჩერევატის თქმით, ქალაქში ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო უკრაინელი მებრძოლების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინულ მხარეს მეტ დეტალზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს.

კომენტარები