მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მიქანაძე ბროუდერზე: მოვუწოდებდი, მსგავსი განცხადებებით, თავს უხერხულობაში ნუ ჩაიგდებს

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემაზე ცნობილი ბრიტანელი ფინანსისტის, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსისა და მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებებს გამოეხმაურა. მიქანაძე ბროუდერს მოუწოდებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებით თავს უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს.

"მე ამ ადამიანს მოვუწოდებდი, მსგავსი განცხადებების გაკეთებით, თავს უხერხულობაში ნუ ჩაიგდებს, იმიტომ, რომ ეს მის იმიჯზე მოქმედებს. ასევე, ვეტყოდი, რომ რაიმე სიების შედგენით ტყუილად ნუ შეწუხდება. საქართველო კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე შენდება და ნებისმიერი პიროვნება, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე წარდგება, მოსწონს მას ეს თუ არ მოსწონს [...] ბილ ბროუდერის განცხადებით, ქვეყანაზე უფრო წინ მიხეილ სააკაშვილი დგას, მე ასე გავიგე [...] მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას მიზანმიმართულად ახორციელებს. იმიტომ, რომ ის ხედავს, რომ თავისმა თანაგუნდელებმა მოატყუეს და რევოლუციას დაჰპირდნენ". - თქვა მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

ცნობილი ბრიტანელი ფინანსისტი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი და მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება. 

ასევე, ბროუდერის განცხადებით, სავარაუდოა, რომ შეიქმნას დროებითი ე.წ. "სააკაშვილის სია", სადაც იმ ადამიანებს შეიყვანენ, რომლებიც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის  მკურნალობას აფერხებენ და მას არასათანადოდ ეპყრობიან. 

მიხეილ სააკაშვილმა ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.

ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები