რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთში "საშობაო ზავის" შესახებ პუტინის განცხადებას უარყოფითად აფასებენ

ვლადიმირ პუტინი

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 6 იანვრის ანგარიშის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის მიერ "საშობაო ზავის" გამოცხადებას რუსეთში კრიტიკა მოჰყვა. 

მათი ინფორმაციით, რუსი მაღალჩინოსნები არ გამოეხმაურნენ აშშ-ს განცხადებას უკრაინისთვის 3,75 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების შესახებ, რაც კრემლისა და რუსული მედიის მიერ დასავლური სამხედრო დახმარების შერჩევით გაშუქებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"რუსი ოფიციალური პირები და ბლოგერები უარყოფითად არიან განწყობილნი 5 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან საომარი მოქმედებები უკრაინაში 6 იანვარს გაგრძელდა…

რუსული საინფორმაციო სივრცის ნაწილმა განცხადების ელემენტები იმ ნარატივის გასავრცელებლად გამოიყენა, რომ პუტინი რელიგიური ღირებულებების მფარველია". - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში. 

ასევე, ექსპერტების თქმით, ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერები აგრძელებენ თავიანთი პლატფორმების გამოყენებას უკრაინული კულტურული და ეთნიკური იდენტობის აღმოსაფხვრელად.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

კომენტარები