აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის ხმის მიცემის პროცესი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა. გამარჯვებისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა (218 ხმა) ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო.
ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატას სპიკერის ასარჩევად ერთზე მეტი კენჭისყრა დასჭირდა.
პირველი კენჭისყრის შედეგებით, 212 ხმით დემოკრატი კანდიდატი, ჰაკიმ ჯეფრისი ლიდერობდა. მის ოპონენტს, რესპუბლიკელ კევინ მაკკართის, რომელსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, 203 ხმა ჰქონდა.
მეორე კენჭისყრაშიც, პირველის მსგავსად, ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა. ამ ტურში მაკკართის დამატებითი ხმა არ მიუღია.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში, არაფორმალური კენჭისყრის გზით, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია სპიკერის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ირჩევენ.
ნოემბრის დახურულ შეხვედრაზე რესპუბლიკელების ხმათა უმრავლესობა მაკკართიმ მოიპოვა. რამდენიმე კვირის შემდეგ, დემოკრატებმა ერთხმად აირჩიეს დეპუტატი ჰაკიმ ჯეფრისი. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, პარტიის წევრები არ არიან ვალდებულნი ხმა მისცენ პარტიის არჩეულ კანდიდატს. ტრადიციულად, სპიკერის კანდიდატურის პრეტენდენტი წარმომადგენელთა პალატის წევრია, თუმცა ეს აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო კრიტერიუმს არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ კანდიდატი სპიკერი გახდეს, მას კენჭისყრაში მონაწილე პალატის წევრების ხმათა უმრავლესობა სჭირდება.
რესპუბლიკურ პარტიაში მაკკართის კანდიდატურის წინააღმდეგი ტრამპის გულშემატკივრები არიან, რომელთაც მეტსახელად “არასოდეს კევინები” (Never Kevins) შეარქვეს. ისინი მაკკართის, რომელიც პალატის წევრი, ჯერ კიდევ 2009 წლიდან არის, ე.წ. “მეინსტრიმის” ნაწილად მიიჩნევენ.
"მე ხვალ კევინ მაკკართის ხმას არ მივცემ. ის პრობლემის ნაწილია და არა გადაჭრის საშუალება". - თქვა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბობ გუდმა 2 იანვარს, Fox News-სთან ინტერვიუში.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აშშ-ს პოლიტიკაში. ისინი აკონტროლებენ საკანონმდებლო ორგანოსა და პალატის დღის წესრიგს და პასუხისმგებელი არიან კომიტეტის წევრების გადანაწილებაზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა 2022 წლის 17 ნოემბერს დატოვა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ნენსი პელოსი 2003 წლიდან იკავებდა.
2006 წელს ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი გახდა.