რუსეთი-ჩინეთი

პუტინმა სი ძინფინგი რუსეთში 2023 წლის გაზაფხულზე მიიწვია

The Washington Post

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში 2023 წლის გაზაფხულზე მიიწვია და აღნიშნა, რომ შეხვედრა წლის "მთავარი პოლიტიკური მოვლენა" გახდება. რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს 30 დეკემბერს დისტანციურად, ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ.

საუბრის დროს პუტინმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელობას მსოფლიო ასპარეზზე და მას "21-ე საუკუნეში მსხვილ სახელმწიფოთა თანამშრომლობის მოდელი" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას იმედოვნებს.

აქამდე, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები პირადად "ყველაზე მწვავე რეგიონული პრობლემების" განსახილველად შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვი პეკინთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ აქტიურად ცდილობდა. სავაჭრო პარტნიორობის ფარგლებში, ჩინეთი მაღალტექნოლოგიური ჩინური საქონლის სანაცვლოდ, რუსული ნავთობისა და გაზის, მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებისა და სხვა მინერალური რესურსების იმპორტს ახორციელებს.

კომენტარები