რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალი წელი რუსეთში: ომის ეკონომიკა, სანქციები და 2023 წლის პროგნოზები

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალი წელი რუსეთში: ომის ეკონომიკა, სანქციები და 2023 წლის პროგნოზები

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, განვითარებული ქვეყნების კოალიციამ, მათ შორის აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ და სხვებმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბის, კოორდინაციისა და სიჩქარის თვალსაზრისით უპრეცედენტო სანქციები დააწესა. სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა იმ სიმძაფრის ეფექტი, რომელიც ბევრმა იწინასწარმეტყველა, ჯერჯერობით არ აქვს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ახალი, მე-9 პაკეტი და ენერგეტიკულ რესურსებზე ფასის ჭერის დაწესება 2023 წელს კრემლისთვის ეკონომიკურ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. 

თვეების მანძილზე პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის გეგმა ჩავარდა, თუმცა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენა რუსულ ბაზრებზე ყოველდღიურად იზრდება. ამის შესახებ არა მხოლოდ დასავლელი ანალიტიკოსები, არამედ რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნებიც საუბრობენ.

ჯერ კიდევ ნოემბერში, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, არაენერგორესურსების სექტორებიდან საგადასახადო შემოსავალი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20%-ით შემცირდა. ასევე, რუსეთის სტატისტიკის სააგენტოს ცნობით, 2022 წელს საცალო გაყიდვებმა 10%-ით იკლო. 

"ყველა ობიექტური მონაცემის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა დრამატულად შემცირდა. სპირალი იზრდება და გამოსავალი არ ჩანს". - ამბობს რუსეთის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ვლადიმირ მილოვი.

რუსული ბაზრები და ეკონომიკური იზოლაცია

ომმა და სანქციებმა რუსეთის ფინანსური სექტორი განსაკუთრებით დააზიანა. ქვეყნის სავალუტო რეზერვების უდიდესი ნაწილი გაყინულია, საერთაშორისო დაფინანსებაზე წვდომა შეზღუდული, გადახდის ოპერაციები კი გართულებული. უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსეთის ცენტრალურ ბანკს რუბლის მხარდასაჭერად და ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მკაცრი პოლიტიკის გატარება მოუწია, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა კაპიტალის ბაზარს მიაყენა. 

რუსეთისთვის სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ტრადიციულად, რუსულ ბაზრებზე ინვესტორთა უმრავლესობა ძირითადად იმ ქვეყნებიდან შემოდის, რომლებიც ახლა კრემლს სანქციებს უწესებენ, ხოლო რუსეთს ალტერნატივების მოძიება და უცხოური ფინანსების ახალი წყაროს პოვნა უჭირს. მართლაც, ამ ორ ცვლადს შორის პირდაპირი კორელაციით მივდივართ იქამდე, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზარი ასობით კომპანიამ დატოვა, ხოლო უცხოური ინვესტიციების დაკარგვა რუსეთის ეკონომიკისთვის სანქციების ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ შედეგად ითვლება. 

რუსეთის ეკონომიკურად იზოლირების მიზნით დასავლეთის ქვეყნებმა მაღალი ტარიფები და შეზღუდვები დააწესეს რუსეთიდან იმპორტირებულ ისეთ საქონელზე, როგორიცაა: ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ქვანახშირი, ოქრო, ფოლადი, სხვადასხვა მეტალი და აშ. ამგვარი სანქციების მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, რუსეთის შემოსავლების შემცირება, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლეთისთვის ბაზრების დივერსიფიკაციისთვის დროის მიცემა იყო. იმ პროდუქტებზე დაკვირვება, რომლებიც სანქციების ობიექტები ომის დაწყებიდან მალევე გახდნენ, ცხადყოფს, რომ სანქციები მუშაობს - მაგალითად, რუსულმა ხისა და ფოლადის მწარმოებელმა კომპანიებმა ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების მოძიება ვერ შეძლეს და მათი დიდი ნაწილი დაიხურა.

ბაზარი, რომელიც ჯერჯერობით სანქციებისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, ენერგოსექტორია. რუსეთის სტატისტიკური სამსახურის შეფასებით, ნავთობისა და გაზისგან მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. მოცემულ სტატუსკვოს ორი ახსნა აქვს: 1. ევროკავშირის მიერ ნავთობის იმპორტზე დაწესებული ფასის ჭერი ძალაში ცოტა ხნის წინ შევიდა, შესაბამისად, სანქციის ეფექტიანობის განსაზღვრისთვის საჭიროა დრო. 2. ომის დაწყებიდან მალევე, ნავთობზე გლობალური ფასების ზრდა რუსეთისთვის მომგებიანი აღმოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსკოვმა ინდოეთსა და ჩინეთში ექსპორტი თითქმის 400%-ით გაზარდა. 

რაც შეეხება დასავლეთიდან იმპორტს, სანქციების დიდი ნაწილი რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლისა და ორმაგი გამოყენების დეტალების ექსპორტს კრძალავს, რისი მიზანიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის წარმოების შესაძლებლობების შესუსტებაა. მართალია, რუსეთმა საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა, თუმცა მოსკოვის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების საექსპორტო მონაცემების მიხედვით, მხოლოდ სექტემბერში, რუსეთში საქონლის იმპორტი ომამდელ მონაცემთან შედარებით, თითქმის 30%-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი წლების მანძილზე ცდილობდა იმპორტის შიდა წარმოების პროდუქციით ჩანაცვლებას, იგი დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთიდან მაღალტექნოლოგიური საქონლისა და ორმაგი გამოყენების დეტალების იმპორტზე. ამ მიზეზით რუსეთის საშუალო და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში წარმოება დღითიდღე მცირდება. მაგალითად, ოქტომბერში სატვირთო მანქანების 20%-ით, ტელევიზორის ანტენების 44%-ით, ხოლო ექსკავატორების წარმოება 69%-ით შემცირდა.

ომის ეკონომიკა

"ეკონომიკისთვის ყველაზე დამაზიანებელი ის შიშებია, რომლებიც ჯერ არ ამხდარა, მაგრამ შეიძლება, ახდეს". - ამბობს ეკონომიკური კვლევის ცენტრის დირექტორი, ოლეგ ბუკლემიშევი.

ბუკლემიშევის აზრით, მოსახლეობაში ეს იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღის შიშია. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი, ან სხვა რუსი მაღალჩინოსნები ამას საჯაროდ უარყოფენ, ეკონომისტის მტკიცებით, ასეთი ჭორების უბრალო არსებობაც კი აზიანებს ეკონომიკას და ძირს უთხრის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ნდობას.

ბუკლემიშევი ბოლო თვეებში რუსეთში ინფლაციის 12%-მდე შემცირებას სწორედ მობილიზაციას უკავშირებს. მისი თქმით, ინფლაციის კლების მთავარი მიზეზი სამომხმარებლო აქტივობის შემცირებაა - როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ბაზარზე: "ხალხი ფულის დაზოგვას, ხარჯის შემცირებას ცდილობს". 

ეს არათუ პოზიტიური მოვლენა არ არის, არამედ მკვეთრად ნეგატიურიცაა - ტრადიციულად, ამ დროს ინფლაცია წლის სხვა პერიოდთან შედარებით ყოველთვის მაღალია, რადგან დანახარჯი მეტია როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის (სადღესასწაულო საყიდლები, საჩუქრები), ასევე ორგანიზაციებისთვისაც (ბონუსები, პრემიები).

უძრავი ქონების გაყიდვების შემცირება, სამომხმარებლო ხარჯების კლება, იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის ვარდნა და ბიზნესის განწყობის გაუარესება აღწერს ყველაფერ იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთის მოსახლეობა ომის ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას - კრიზისის ფონზე ხალხი ნაკლებს მოიხმარს, ბიზნესი ინვესტიციებს არ დებს, სახელმწიფო კი მზადაა, ომში მეტი ფული დახარჯოს, თუმცა ეს ხარჯები სპეციფიკურია: სამხედრო ტექნიკის წარმოება ან უშიშროების ძალებზე დანახარჯების გაზრდა ვერ ავითარებს ეკონომიკას და ვერ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას.

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო საგენტოს მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 3.7%-ით შემცირდა, თუმცა ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში გარკვეული ზრდა შეიმჩნევა. საუბარია სოფლის მეურნეობაზე, მშენებლობაზე, ფინანსურ სექტორსა და ყველაფერ იმაზე, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო ადმინისტრირებასთან, სამხედრო უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, სამხედრო ხარჯების ზრდასთან. რუსი ეკონომისტების თქმით, “სამხედრო სექტორი მნიშვნელოვანია მშპ-სთვის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხი ტანკებს არ ჭამს“.

ახალი წელი რუსეთში

დასავლელი ეკონომისტების შეფასებით, სანქციებთან ერთად, არახელსაყრელი დემოგრაფიული ტენდენციების, ინვესტიციების დაბალი მაჩვენებლის, მობილიზაციისა და ომის შედეგად გამოწვეული ემიგრაციის გამო რუსეთის ეკონომიკა გრძელვადიან რეცესიაში შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა იმაზე მოქნილი გამოდგა, ვიდრე ამას დასავლეთში მოელოდნენ, ბოლოდროინდელი პროგნოზების მიხედვით 2023 წელს რუსეთის მშპ 7-8%-ით შემცირდება. ხოლო, ACRA-ს აღმასრულებელი დირექტორის, მიხაილ სუხოვის თქმით, 2019 წლის დონემდე რუსეთის ეკონომიკის აღდგენას შეიძლება ხუთ წელიწადზე მეტი დასჭირდეს. მსგავსი კლება რუსეთის უახლოეს ისტორიაში ორჯერ მოხდა - 1998 და 2008 წლების კრიზისების დროს. 

ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე კრემლმა იცის, რომ სოციალური სტაბილურობა საფრთხეშია. პუტინს საზოგადოების უკმაყოფილების ეშინია და იგი ამაში არ ცდება. 2023 წლის უახლოეს თვეებში მოსკოვს შეუძლებელი განტოლების ამოხსნა მოუწევს - როგორ გააგრძელოს ომის დაფინანსება ისე, რომ კვლავ შეძლოს ქვეყანაში მაღალი სოციალური სუბსიდიების შენარჩუნება, რომელიც არეულობების თავიდან არიდების მთავარი გზაა. მართალია, მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს რეზერვები, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთის მთავრობა უკვე თვეებია ამ რეზერვებით ცხოვრობს, ისინი საკმაოდ სწრაფად ამოწურვადია.

კომენტარები