კრიმინალი

"ვადაგასულ რძის პროდუქტს ყიდდნენ" – მომხმარებლის მოტყუებისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინეს

Getty Images

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ორი პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაატარეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის  პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

ამის ნაცვლად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მომხმარებლის მოტყუებას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, შინაპატიმრობას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები